×

17 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის წარდგენაზე

დღეს, „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი ამ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში ვიმყოფებით, ქალაქში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მდიდარ კულტურასა და ისტორიას ინახავს.

აქ ჩამოსვლა გულწრფელად მიხარია, რადგანაც თქვენ ხართ გამორჩეულად მშრომელი, ენერგიული, პატრიოტი და კულტურული ხალხი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი მხარე, თავისი მუნიციპალიტეტი და თავისი ქვეყანა.

სამეგრელომ და მეგრელებმა საკუთარ თავზე ბევრი სირთულე, ჩვენი ქვეყნის ისტორიის მძიმე მომენტები გადაიტანეს, თუმცა ყოველთვის ახერხებდით, რომ უდიდესი შემართებითა და მუხლჩაუხრელი შრომით ეს ყველაფერი გადაგელახათ და ახალი შემართებით გაგეგრძელებინათ ცხოვრება.
არ წავალ შორს და ყველაფერს არ გავიხსენებ, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე, იმ დრომდე, ვიდრე გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილი და მას რიგით ჯარისკაცებად გვერდში დავუდგებოდით საქართველოს მოქალაქეები.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა იყო და არის სიცრუე და ძალადობა. რეჟიმის ქმედებები განსაკუთრებით სასტიკი იყო სამეგრელოში, სადაც საწამებელი სამალავებით, კასრებში დამალული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, ტერორითა და ძალადობით ცდილობდნენ ხალხის დამორჩილებას - თავიანთი ტელევიზიებით კი მოდელირებულ რეალობას გადმოსცემდნენ და სიცრუის ნიაღვარით ცდილობდნენ ნგრევა შენებად, წაგებული ომი გამარჯვებად, ადამიანების ღირსების შელახვა კი განვითარებად წარმოეჩინათ.
ეს ხალხი ჩვენ ერთად, ერთიანი ძალისხმევით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ჩვენ ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით ჩავაბარეთ წარსულს.
2012 წლის შემდეგ დავიწყეთ მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული რეფორმების განხორციელება ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ზუგდიდში უამრავი პროექტი განხორციელდა. სახელმწიფო ადამიანს დაუდგა გვერდით და თანადაფინანსების პროგრამებით, ახალი საწარმოების გახსნით ბევრი ადამიანი დასაქმდა და საკუთარი საქმე წამოიწყო. განათლება და ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა და რაც მთავარია, მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი და ძვირფასი - თავისუფლება.
ზუგდიდში არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც განხორციელდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანდაცვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის, რომ შემდეგ მათი განათლება გამოვიყენოთ ისევ და ისევ ქვეყნის საკეთილდღეოდ. დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებას და ხელშემწყობ პროექტებს, ასევე, გაგრძელდება ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სხვადასხვა ტიპის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
მინდა, გამარჯვება და წარმატებები გისურვოთ.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!